თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს: "დაგვიდექით გვერდით"
27/08/2020 15:44:15 სამართალი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.
როგორც გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ისინი მთავრობის მიერ მიცემული პირობის შესრულებას და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვენ.
"ქართველებო და არაქართველებო! ვააანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე, დედა თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა და აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად", - წერს თამაზაშვილი.
იგი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბაჩალიაშვილის კლასელებსა და კურსელებს, ასევე სამღვდელოებასა და საპატრიარქოს:
"გეშინოდეთ მკვლელებო, რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია".
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.


