ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: "განსაჯაროვდეს სამი მანქანის სამხედრო ბაზიდან გამოსვლის დრო"
27/08/2020 14:43:44 სამართალი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, პროკურატურამ განასაჯაროვოს ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს, როდის ტოვებს სამხედრო ბაზას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა.
"ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, რომელ საათზე, რა დროს გამოდიან აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდიან, რამდენი ხანი რჩებიან იქ. მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება აღნიშნული სამი ჯიპი შავნაბადას ტერიტორიამდე", - აცხადებს ადვოკატი.
ცოტა ხნით ადრე, პროკურატურამ დაადასტურა ოჯახის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილს გარდაცვალების დღეს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიყვებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები. თუმცა საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ გზის გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვლის მანქანის უკან და საბოლოოდ, შავნაბადას საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაუხვიეს.
მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიის და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.


