ლობჟანიძე ამბობს, რომ ინტერნეტში არსებობს ჯგუფი, სადაც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ
28/08/2020 10:07:37 სამართალი
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარის სახელით გაეცნო, პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკითხვაზე პირადი ლეპტოპით მივიდა და გამომძიებლებს ინტერნეტში არსებული დახურული ჯგუფის შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
კერძოდ, ლობჟანიძე ამბობს, რომ ინტერნეტში არსებობს „შავი წერტილები“, ჯგუფები, რომელთა შესახებაც მხოლოდ წევრებმა იციან და ამ ჯგუფებში ხორციელდება „მიზანმიმართული ზეწოლაა, რის გამოც ახალგაზრდებს მიდგრეკილება აქვთ სუიციდისკენ“.
„ჯგუფში 200–მდე ადამიანია გაწევრიანებული. ჩემი სანდო წყარო 2015 წლიდანაა წევრი“,– განაცხადა ლობჟანიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს აღნიშნულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან.
ცნობისთვის: ბაჩალიაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, გზის პირას, საკუთარ მანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.


