დე ფაქტო შს მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული სავარაუდოდ, დაკითხვის დროს ცემაში შემოაკვდათ [ფოტო]
28/08/2020 16:03:37 სამართალი
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ, დაკითხვის დროს, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემაში შემოაკვდათ.
ცხედარის ფოტოებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები, აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.
![]()
სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე აყავს", დე ფაქტო შს მინისტრი კი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.
ე.წ. გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე "გენერალურ პროკურატურაში" შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


