
ახალგორიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს
31/08/2020 10:55:04 კონფლიქტები
ახალგორის „მილიციის“ უფროსმა ცხინვალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა რაიონის მცხოვრებთ არ ჰქონდეთ ცხინვალში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა აცნობეს.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ცნობითვე, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაწესებულებების“ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.
ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი.