ბაჩალიაშვილების ადვოკატი: „აქციის შემდეგ ოჯახზე პირდაპირ მუქარა დაიწყო“
31/08/2020 14:08:31 სამართალი
ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 30 აგვისტოს გამართული აქციის შემდეგ ოჯახის მისამართით ღია მუქარა დაიწყო.
„გუშინდელი აქციის შემდეგ ოჯახზე პირდაპირ მუქარა დაიწყო. ერთ–ერთი კომენტარია: „ლეგენდის შეთხზვის ნაცვლად პრობლემას ჩაუღრმავდით, თუ რა მოხდა რეალურად, რამე ხომ არ დააკელით. მეორე შვილიც გყავთ და ჯობია, იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული“. ეს ერთი არ არის... ამის თაობაზე გამოძიებაც ჩავაყენე საქმის კურსში. ეს უკვე საშიშროებას წარმოადგენს ოჯახისთვის, რომელიც ისედაც სტრესულ მდგომარეობაშია. სირცხვილია! ნამუსი მაინც იქონიონ... რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ტრამვირებულმა დედამ, მეორე შვილს თავი დაანებონ“,– განაცხადა რამიშვილმა „ფორმულას“ ეთერში და გამოძიებას მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდა.
30 აგვისტოს ბაჩალიაშვილებმა პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სწორედ ამ აქციაზე გააჟღერა დედამ ახალი ვერსია, რომელიც მისი თქმით, აქციაზე წამოსვლამდე მიაწოდეს. კერძოდ, თეონა თანაზაშვილის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილისთვის სამი ქართველი მაღალჩინოსნის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, რაც ყარაბაღის კონფლიქტს და სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვას უკავშირდება. დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სავალი გზიდან რამდენიმე მეტრში, ტყის პირას, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
დღეს ჩატარდა ავტომობილის ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა. მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ორი „ფლეშკაა“ დაკარგული: ერთი შსს–ს თანამშრომელს დედამ ბაჩალიაშვილის კომპიუტერთან ერთად მისცა, ხოლო მეორეს მანქანის გასაღების აცმასთან ერთად ატარებდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა მანქანის გახსნისას მეხსიერების ბარათი არ დახვდათ.


