ადვოკატი და პროკურორი მედიას შაქარაშვილის ჩანთაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს აწვდიან
01/09/2020 08:15:58 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ესპერტიზით, დადგინდა, რომ ჩანთაზე შერეული ტიპის დნმ არის, თუმცა ის არჩილ გაგნიძეს არ ეკუთვნის.
საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა კი თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ჩანთაზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„ჩვენ ჯერ ჩანთაზე დანიშნული ექსპერიზის დასკვნა არ მიგვიღია, როგორც კი მივიღებთ, წარდგენილი იქნება სასამართლოში და მიეწოდება დაცვის მხარეს,” - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის: მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე 12 მოწმე დაკითხება.
შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


