Accentnews.ge
პროკურორი: შაქარაშვილის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა

პროკურორი: შაქარაშვილის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა

01/09/2020 10:14:26 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცების – წელის ჩანთის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია,– იუწყება რადიო თავისუფლება.

როგორც მედიასაშუალებასთან საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, წელის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთი თავად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - ჩანთის მფლობელს, რომლისგანაც გიორგიმ 18 ივნისს ჩანთა ითხოვა, მესამე - გიორგი შაქარაშვილის ნათესავ ქალს, მეოთხე პროფილის თაობაზე კი კვლევა გრძელდება.

ყაზარაშვლის თანახმად, ამ ეტაპზე, შედარებულია 42 ნიმუში, მათ შორის, თავდასხმაში მონაწილეების, დაზარალებულების, დაბადების დღის სტუმრებისა და იმ პირების, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, მცხეთიდან დაზარალებულები წამოიყვანეს, თუმცა, ჩანთაზე არცერთი მათგანის გენეტიკური პროფილი, მათ შორის, არც მკვლელობაში ბრალდებულების გენეტიკური პროფილი არ არის აღმოჩენილი:

„ის გარემოება, რომ ჩანთაზე არ აღმოჩნდა მკვლელობაში ბრალდებულების დნმ ნიმუში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილთან არ ჰქონდათ შეხება. არის შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, საგანზე გენეტიკური ნიმუში არ დარჩეს ხელის შეხებითაც კი. რა თქმა უნდა, მათ გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდათ შეხება. ამ ეტაპზე შედარებულია მხოლოდ 42 ობიექტი, თუმცა, 100-ზე მეტი ობიექტია საერთო ჯამში გადაგზავნილი და კვლავ მიმდინარეობს კვლევები. ყველა იმ პირის გენეტიკური პროფილია აღებული, ვინც კი შესაძლოა იმ ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, მათ შორის, გამომძიებლები, მაშველები, პოლიციელები, მეთევზეები, იგივე ფეხოსანი პატრული. ყველა პირის დნმ პროფილია აღებული და მიმდინარეობს კვლევა. როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით, მედიას მივაწვდით ინფორმაციას“.

შეგახსენებთ, რომ წელის ჩანთა გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, არაგვის ხიდის სვეტზე შემოდებული მაშინ აღმოაჩინა, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა საქმის მთავარ მოწმესთან, გიორგი შაქარაშვილის მეგობარ გურამ ამირხანაშვილთან ერთად.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S