კადიროვმა მისი 22 წლის ქალიშვილი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა

02-09-2020 11:40:43 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი ქალიშვილი აიშათი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა.

«აიშათის ამ თანამდებობაზე დანიშნვა კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა. დიახ, ის ახალგაზრდაა, თუმცა უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს სხვადასხვა რთული პროექტების ხელმძღვანელობისა, მათ შორის – კულტურის სფეროში. ბოლო წლებში ჩემი ქალიშვილი წარმატებით ხელმძღვანელობდა სამოდელო სახლ Firdaws-ს და ამ პროცესში ახდენდა მსოფლოს წინაშე ჩეჩნური ადათ-წესებისა და ტრადიციების, ჩეჩენი ქალის განუმეორებელი სახის ხელოვნების ენით დემონსტრირებას» - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, აიშათ კადიროვას “უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩეჩნეთის ფილარმონიის განვითარებაში, იგი აქტიურად ეხმარებოდა არტისტებსა და საესტრადო ანსამბლებს, რისთვისაც “ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის” მედლითაც დაჯილდოვდა”.

კადიროვმა ისიც ახსენა, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა კულტურის მინისტრ ხოჯ-ბაუდი დააევის ინიციატივით.

«დარწმუნებული ვარ, რომ აიშათ რამზანის ასული – როგორც ჩვენი პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმათ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილი, საუკეთესოდ აცნობიერებს საყვარელი ბაბუის სიტყვების არსსა და ფასს: «კულტურის გარეშე ერი არ არსებობს». ვიცი, რომ იგი ჭეშმარიტი ჩეჩნური ფასეულობების აღორძინების მკვეთრად გამოკვეთილი მომხრეა და მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგება ახალი მოვალეობების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, აიშათი თავს გაართმევს დასახულ ამოცანებს. ვუსურვებ მას წარმატებებსა და იღბალს ამ გზაზე!» – განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა.

აიშათ კადიროვა 1998 წელს დაბა ცენტაროიში დაიბადა. 2016 წელს ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე და იმავე წელს ცოლად გაჰყვა ჩეჩნეთის ლიდერის ახლო მეგობრის ვაჟს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები