კოალიცია: პანკისის რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს
02/09/2020 12:14:18 სამართალი
პანკისის რადიოს მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რადიოს "წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს".
ორგანიზაციის თანახმად, ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება დაუყონებლივ უნდა მოახდინოს, რადგან გავრცელებულ მასალაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები იკვეთება.
"2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას. მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები", - წერია განცხადებაში.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მიიჩნევენ მედიის შევიწროების ყველა გამოვლინებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი.


