ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს
03/09/2020 07:55:10 სამართალი
ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი ვითარების ფონზე, ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ და მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ:
"მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ ჩვენი ბიჭები უმტკივნეულოდ. არანაირი დარღვევა არ ჰქონიათ. გვერდში დაგვიდგეს თითოეული მოქალაქე და თვითონ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილზე იბრძოდნენ და ედგნენ მხარში.
ჩვენ ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში. არავინ არაფერს არ გვეუბნება. ვერავისგან ვერაფერს ვიგებთ - ცოცხალია, მკვდარია, რას შვრება, როგორ არის. ჩვენ ადვოკატიც არ აგვიყვანია იმიტო, რომ არ მოგვცეს უფლება. ხელისუფლებისგან მოველით პასუხს რა ხდება - ათავისუფლებენ, თუ მაინც და მაინც 3 თვე იქ უნდა იყოს", - აცხადებს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის დედა.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულებას წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილის მონახულებაზე თანხმობა არ მიუცია. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ მათ არც ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა განესაზღვრა.


