FBI ბაჩალიაშვილის საქმეში სავარაუდოდ, არ ჩაერთვება
03/09/2020 12:20:19 სამართალი
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.
„რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული "ფეისბუქისთვის" და "გუგლისთვის", -განცხადა ლომჯარიამ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ოჯახის თხოვნით პროკურატურაში სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზეც ისაუბრა:
„თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მთავარი თხოვნა სახალხო დამცველთან ჰქონდათ ის, რომ გვესაუბრა პროკურატურასთან სატელიტიდან გადაღებული ფოტოების შესახებ. თუნდაც, იგივე, სატელიტის სურათებთან დაკავშირებით, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ გამოძიებას მოეპოვებინა.
ეს საკითხი დავაყენე გენერალური პროკურატურის წინაშე, მათ კი განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები და ქმედებები, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები. ამაზე უფრო დეტალურად საქმეში რომ ჩავიხედავთ ვნახავთ, თუ რა გაკეთდა. თუმცა, როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება", -განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, მანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.
ცნობილია, რომ უკვე არსებობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საჯარო სავარაუდოდ, სხვალისთვის გახდება.
განახლება
თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, FBI-მ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართულმა საგამოძიებო უწყებებმა გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაუსახელეს.
მისი განცხადებით, პროკურატურამ ის წერილი უნდა გაასაჯაროოს, რომელიც FBI-ს საქმეში ჩართვის მოთხოვნით მისწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუმყარდება ეჭვი, რომ საქმეში მაღალჩინოსნების ხელი ურევია:
"რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი უნდა ყოფილიყო. წერილი საჯარო არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ზუსტად მაღალჩინოსნები არიან ჩარეული და არ უნდათ გამოძიება. FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც მათ უარი განაცხადეს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე. მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს და რა ეწერა იმ წერილში. არ ვენდობი არც ექსპერტს, არც პროკურატურას, არც გამოძიებას და არც არავის".


