Accentnews.ge
აფხაზური მედია – “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე: “ასლან ბჟანიამ აღიარა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა”

აფხაზური მედია – “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე: “ასლან ბჟანიამ აღიარა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა”

04/09/2020 07:54:51 კონფლიქტები

სოხუმში დღეს დე ფაქტო პარლამენტის დახურული სხდომა გაიმართა”პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას მონაწილეობით. მთავარ თემას 18 აგვისტოს ოკუპირებულ რეგიონში “საქართველოს პატრიოტთა ასლიანსის” ლიდერების ვიზიტი წარმოადგენდა.

მოგვიანებით რამდენიმე “პარლამენტარმა” სხდომის დეტალები ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაას” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაამხილა. როგორც მათზე დაყრდნობით გამოცემა “Апсны.паблик” იუწყება, ასლან ბჟანიამ განმარტა, რომ მანამდე მოსკოვში, სადაც მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, დაიწყო მოლაპარაკებებიც, რომელთა წარმოებისთვის შეირჩა მისი მრჩეველი საგარეო კავშირების საკითხებში ლაშა საკანია (“ალიანსელების” აფხაზეთში ვიზიტის გამო აგორებული სკანდალის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა).

გამოცემის ცნობით, ბჟანიამ აღნიშნა, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის” და რომ “აფხაზეთის საგარეო უწყებას მიეცა დავალება, წარმოადგინოს ამჟამინდელი ვითარების მისეული შეფასება და საკუთარი ხედვა მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთქმედების აუცილებლობის თაობაზე”. მისივე თქმით, ამავე თემაზე საკუთარი მოსაზრებები უნდა დააფიქსირონ აფხაზეთის საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმაც.

ცალკე განიხილეს აფხაზურ “პარლამენტში” ილორის მონასტრისთვის ხატის გადაცემის ფაქტი. “დეპუტატების” თქმით, ასლან ბჟანიამ ამას “ჰუმანიტარული მისია” უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქმედება არავისთან ყოფილა შეთანხმებული.

თავის მხრივ, “დეპუტატებმა” განაცხადეს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს “ადრე არსად და არასოდეს გაუკეთებიათ განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ უნდა დაბრუნდეს”.

“პარლამენტარებმა” დასვეს კითხვა: რის საფუძველზე მიიღო ბჟანიამ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ურთიერთქმედების თაობაზე?. გამოცემის ინფორმაციით, საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა: “ჩვენ შეცდომა დავუშვით”.

სხდომაზე, რომელსაც დაახლოებით 30 “დეპუტატი” ესწრებოდა, არავითარი შემაჯამებელი დოკუმენტი არ მიღებულა. თუმცა წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი “არუააელები” შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ “პარლამენტისადმი” მოწოდებით, 18 აგვისტოს მოვლენები დაგმოს.

დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის პრეს-სამსახურები ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

განახლება

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე „ბოდვას უწოდებს“ ამ თემაზე საუბარს, მით უფრო, რომ, მისი თქმით, არავინ იცის, იყო თუ არა ბჟანიას მხრიდან მსგავსი განცხადება.

„უბრალოდ, ორივე მხარეს არიან პოლიტიკური პარტიები თუ ადამიანები, ვინც თავიდანვე წინააღმდეგი იყო, ის დადებითი ნაპერწკალი, რაც გაჩნდა ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას ვიზიტით, ეს ნაპერწკალი რომ როგორმე ჩააქრონ და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, - მისივე განმარტებით, სიცრუეა, თითქოს ილორის ტაძრიდან დააბრუნეს „პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატანილი ხატი - „არც არავის დაუბრუნებია, ის ხატი დარჩება აფხაზეთში და თემა, რაზეც ახლა ვსუბრობთ, სრული ბოდვააა, თავისთავად ცხადია. რისთვის გვინდა ამ ურთიერთობების აღდგენა, ეს დიდი შერიგება, რომ ასეთი დასკვნა გააკეთოს ვინმემ? თავისთავად ცხადია, არა“, - უთხრა გოჩა თევდორაძემ „რადიო თავისუფლებას“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ „აფხაზეთშიც არიან ბოკერიები“.

"მინდა მკაფიოდ გითხრათ, ეს რომ ასე ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში მე არ დამხვდებოდნენ აფხაზი ჟურნალისტები და ჩემგან სიხარულით არ აპირებდნენ კომენტარს? არ მინდა საუბარი იმ დახურულ შეხვედრაზე, იმ დახურული შეხვედრის დეტალებზე, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ვრცელდება ინტერპრეტირებული დეზინფორმაცია, იმიტომ, რომ აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც. მათ შორის კავშირს მე პირადად მკაფიოდ ვხედავ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S