რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმეში – პროკურატურის ვერსია
04/09/2020 11:42:40 სამართალი
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.
პროკურორის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია:
"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე, მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს და ჩვენ ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას", - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი ქართულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
განახლება
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ფედერალური ბიურო სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება, ან საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია.
დეგნანის თქმით, სხვა შემთხვევაში ფედერალური ბიუროს ჩართვა არ ხდება, რადგან ეს მათი კომპეტენცია არაა:
"ვუსამძიმრებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ეს უდიდესი ტრაგედიაა განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი დაკარგეს. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ეს ოჯახი შვილის დაკარგვის გამო.
ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ FBI ეს არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი იურისდიქცია კი ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატებზე. რაც შეეხება, სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეხება, ან ამერიკული ინტერესია საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება FBI-ს კომპეტენციაში არ შედის", - აცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.


