ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურას ორ მოთხოვნას უყენებს
04/09/2020 15:46:09 სამართალი
პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებზეც ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის პროცესშია ასახული, ახალგაზრდა ქალის დედა ეხმიანება.
თეონა თამაზაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას კვლავ გამორიცხავს და პროკურატურას ორ კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს:
"არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.
დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს",- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
პროკურატურამ დღეს რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნები გახადა საჯარო და განაცხადა, რომ "ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები 100-ჯერ აღემატება ნორმას".


