
"ოკუპირებული გალიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს"
06/09/2020 20:06:33 კონფლიქტები, სამართალი
ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიონში 58 წლის ადგილობივი ბიზნესმენი ჯამალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია გალის ადმინისტრაციის ყოფილმა დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ გაავრცელა.
მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ ეს გალის რაიონში ადამიანის გატაცების პირველი შემთხვევაა.
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ჯამალ სოსელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და სოჭში ცხოვრობს. თემურ ნადარაია ამბობს, რომ გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე ბიზნესმენს ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, სოსელიას ავტომობილი გააჩერეს და მას ენგურჰესის მიმართულებით წასვლა აიძულეს.
"ეხო კავკაზა" წერს, რომ სოსელიამ ავტომობილის სხვა მიმართულებით წაყვანა სცადა, იმ იმედით, რომ მას ვინმე დაინახავდა, თუმცა თავდამსხმელებმა ეს ფაქტი დააფიქსირეს, სოსელია მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს, რის შედეგადაც მან სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
ფაქტს ორი თვითმხილველი ჰყავს. ისინი ენგურჰესის დაცვის თანამშრომლები არიან, როგორც გამოცემა წერს თვითმხილველებმა სოსელიასთვის დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა თავდამსხმელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიასთან ნადარაია ირწმუნება, რომ გამტაცებლები "ქართული ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან და ისინი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადავიდნენ".