Accentnews.ge
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

07/09/2020 07:01:37 სამართალი

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პროცესის დასრულების შემდეგ ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძემ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებოდი. თუმცა, ველოდებოდით, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურს 5 წელს, მაგრამ მიუსაჯეს 3 წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გავასაჩივრებთ. თუმცა, 3 წელი ამ ეტაპზე არ არის ცუდი. იმიტომ, რომ მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ უდანაშაულო იყო. ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც, მათი საქმეები გადაცემულია გენერალურ ინსპექციაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ", - განაცხადა ბექა სირაძემ.

მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში ჩვენების იძულებით მიცემა, რაც გულისხმობს სასჯელს 2-დან 5 წლამდე ვადით.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებით მიცემის ნაწილში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ მარიანა ჩოლოიანმა მოახდინა ჩვენების მიცემის იძულება არასრულწლოვან ლუკა სირაძესთან მიმართებით. ზემოაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-იდან 5 წლამდე და ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მარიანა ჩოლოიანს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებას სააპელაციო წესით, ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ გადაეგზავნება განაჩენის სრული ვერსია”,- განაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.

ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, “დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა”.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს:

"ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება მარიანა ჩოლოიანის გამართლებამდე".

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ მარიანა ჩოლოანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა. იგი ბრალს არ აღიარებს.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და იგი ორივე ჯერზე მარიანა ჩოლიანმა დაკითხა.

ლუკა სირაძეს სკოლის კედლების მოხატვის ფაქტი სამართალდამცველებთან არ უღიარებია. არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათია" გამოძიების წარმართვას მართებულად მიიჩნევდა წამების მუხლით. ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, რომ პოლიციის შენობაში ყოფნიდან მოკლე დროში სუიციდის გადაწყვეტილება მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამების ეჭვებს აჩენს.

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული მარიანა ჩოლიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S