ტურისტი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
07/09/2020 10:13:37 სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 27 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
გამოძიება ახალგაზრდა კაცს საქართველოში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ქალის, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება.
გამოძების ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელ ტურისტზე ადგილობრივი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი 4 სექტემბერს განხორციელდა.
ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლების თქმით, გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


