Accentnews.ge
იურისტები – დრონის ჩანაწერებზე: „გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული“

იურისტები – დრონის ჩანაწერებზე: „გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული“

07/09/2020 13:22:43 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები – მიხეილ რამიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის“ იურისტი პროკურატურაში დრონის ჩააწერებს გაეცნენ.

მათი შეფასებით, ჩანაწერების თანახმად, აქვთ განცდა, რომ სამძებრო ღონისძიებებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ვიდეომასალაში არ ჩანს ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს და „კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული“.

“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. არაფრის მომცემი კადრები არ არის. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა.

მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი”, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, “გამოძიება ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარიც ჰქონდათ დადგმული”:

“ბევრი ვერსია არსებობდა,თiთქოს თამარს შეიძლებოდა ნარკოტიკებთან ჰქონოდა შემხებლობა, პორნოგრაფიასთანაც ჰქონია შემხებლობა. ეს იყო დადგმული, კარგად ორგანიზებული და ყველაფერი გათვლილი იყო თავიდანვე, მაგრამ ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარსაც ჰქონდა ადგილი”.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის შეფასებით, არ არის მითითება, რა ეფექტურობით მიმდინარეობდა საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები:

„როდესაც სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, ძალიან მცირე ოდენობით ხდებოდა გარშემო ტერიტორიების დაკვირვება, თუმცა მითითებულიც არ არის, რა ადგილზე ეძებდნენ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას და საერთოდ საგამოძიებო მოქმედებები და სამძებრო ღონისძიებები რა ეფექტურობით მიმდინარეობდა. დღეს მე, როგორც ადვოკატს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძებნა იყო ფორმალური და საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა ის, სადაც უნდა ყოფილიყო. ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის დღიდან საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მიმდინარებს ვერსია, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიის ირგვლივ მუშაობს საგამოძიებო ორგანო. სამწუხაროა, რომ ამ ვერსიას არ გასცდა“,– განაცხადა იურისტმა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S