
ქანთარია მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, იგი ციხეში მოხვდება და "ქუდებისა და ხელთათმანების კერვით" დაკავდება
07/09/2020 14:10:24 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდება და "ქუდებისა და ხელთათმანების" კერვით დაკავდება.
“ეს განცხადება [სააკაშვილის კანდიდატურის პრემიერის თანამდებობაზე დასახელება] უკვე კომედიურ ჟანრს ცილდება და უკვე რაღაც ფსიქიატრიულის განხრით მიდის. მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს", – განაცხადა ქანთარიამ.
დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ისაუბრებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.
ექს–პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.
ცნობისთვის: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
- ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.
მიმდინარე საქმეები:
- 7 ნოემბრის საქმე;
- ე.წ პიჯაკების საქმე;
2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.