
სააკაშვილი განმარტავს, როდის დაბრუნდება საქართველოში: "მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას"
07/09/2020 17:37:27 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, როდის დაბრუნდება საქართველოში.
"მე ჩამოვალ საქართველოში ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, მე თავის დროზე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ, ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, ამიტომაც მე თქვენთან ერთად, ჩვენ ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის, თითოეული ქართული ოჯახის მფარველი. აბა თქვენ იცით", – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი იქნება.
ექს–პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.
ცნობისთვის: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
- ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა;
მიმდინარე საქმეები:
- 7 ნოემბრის საქმე;
- ე.წ პიჯაკების საქმე;
2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.