2 სტუმრის ცემისთვის ბარ Skygirls-ის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს
08/09/2020 06:18:50 სამართალი
პოლიციამ ბარ Skygirls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში მეოთხე პირიც დააკავა. დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახდაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და„დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებომოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთანშესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით. დანაშაული თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მოქალაქე ივიკო ფრუიძემ ინფორმაცია მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ სოციალური ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა. იგი ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებდა. როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა, ღიად გამოხატული პროტესტის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


