
სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
09/09/2020 07:09:27 კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.იგი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მინისტრი ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი 2020 წლის 6 აგვისტოს დანიშნა. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.