Accentnews.ge
სააკაშვილი წინასაარჩევნოდ გეგმას აქვეყნებს: "9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ"

სააკაშვილი წინასაარჩევნოდ გეგმას აქვეყნებს: "9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ"

09/09/2020 09:46:29 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი პროგრამულ გეგმას აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, სამართლიანობისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ "პოლიცია დეპოლიტიზირებული იქნება".

"პოლიცია მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროსგან იუსტიციის სამინისტროს გამოყოფასაც გეგმავს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამსახური მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება.

გეგმების ჩამონათვალში სუს-ის გაუქმებაც შედის, რადგან, მისი განცხადებით, სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს.

სააკაშვილი წერს, რომ ე.წ. მოსმენის გასაღები დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გადაეცეს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია უნდა მიენიჭოს.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ სასამართლო რეფორმის ჩავარდნას განიცდის.

"გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს," - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

იგი სასამართლო რეფორმის საკითხსაც განიხილავს.

"სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ - მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები განმწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემის შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ფუნქცია იტვირთოს და სურს ამ თანადებობაზე არასრული ვადით, "მაქსიმუმ, 2 წლით" იმსახუროს.

ცნობისთვის: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა;

მიმდინარე საქმეები:

  • 7 ნოემბრის საქმე;ე.წ პიჯაკების საქმე;

2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S