
გალის რაიონში კორონავირუსი 28 პირს დაუდასტურდა, მათგან 22 "ენგურჰესის" კლასტერიდანაა
11/09/2020 12:21:58 კონფლიქტები, საზოგადოება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონში კორონავირუსი 28 პირს დაუდასტურდა. აქედან 22 „ენგურჰესის“ კლასტერიდანაა - საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები და პირები, რომელთაც ისინი ეკონტაქტნენ. როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სავნეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, კორონავირუსზე 10 სექტემბერს 717 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის- ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი და დადებითი პასუხი 28-ის ტესტირებამ აჩვენა.
„ინიფიცირებულებს არანაირი შემხებლობა და კონტაქტი დანარჩენ საქართველოსთან არ ჰქონიათ. მათი გადმოყვანა მოხდება დღეს და გადანაწილდებიან სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში. იგი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. საავადმყოფოში რჩება 57 კოვიდინფიცირებული.
„ენგურჰესში“ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 სექტემბერს გამოვლინდა, როცა საბერიოს ქვესადგურის 4 თანამშრომელს კოვიდ–ინფექცია დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული, ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, გარდაიცვალა 19.