
"თაკო ჩარკვიანის 110 კონტაქტი მოვიძიეთ, თუმცა მათთვის ტესტირება არ ჩაუტარებიათ"
11/09/2020 14:20:22 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ინფიცირებული პოლიტიკოსის თაკო ჩარკვიანის კონტაქტებს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ".
როგორც ვაშაძე ირწმუნება, "ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც სტრატეგია აღმაშენებლის წევრებმა, თავად მოიკვლიეს ჩარკვიანის კონტაქტები, შეადგინეს 110-კაციანი სია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე გადაეგზავნა".
"ვერ ვხედავ ამ კრიზისისთვის მძლავრ მომზადებას იმიტომ, რომ ამ დრომდე არავინ არ შეგვეხმიანა არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. 110-კაციანი სია ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა თაკო ჩარკვიანს ჩვენ თვითონ მოვიკვლიეთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ არის. იმედი მაქვს ახლა მაინც იქნება ტესტირების შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტესტი გაუკეთდეს სულ ყველას იმიტომ, რომ ფასიანი ტესტი ძვირია და შესაბამისი მარაგები სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმად, "ცენტრს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა, თავად მოიკვლიეს ჩარკვიანის კონტაქტები", სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ქალბატონ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა ჩვენი ეპიდემიოლოგი ლია სანოძე. იგი ესაუბრა ქალბატონ თაკოს, კონტაქტებზეც ჰკითხა და გამოიკვლიეს და მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. მის ყველა კონტაქტს ერთ დღეში ვერ დაუკავშირდებოდნენ", – განუცხადეს "აქცენტს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა.