პროკურორის თქმით, რამიშვილმა წარმოადგინა წამლების ანოტაცია, რომელიც თეთრიწყაროში იპოვა

14-09-2020 16:10:38 ადამიანი და კანონი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებას წარუდგინა წამლების ანოტაცია, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს.

როგორც კოტრიკაძემ განმარტა, რამიშვილის ინფორმაციით, ანოტაცია თეთრიწყაროში, ერთ-ერთ ლოკაციაზე იპოვა, რომელიც პროკურორის მტკიცებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული არ არის.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც გამოძიებამ ამოიღო და საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დაერთო", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, რამიშვილის მიერ დასახელებულ ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რომელშიც ადვოკატიც მიიღებს მონაწილეობას:

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას - მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ ადგილზე, მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი მოქმედება და რამიშვილს შესთავაზეს მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში. დანარჩენს გვიჩვენებს დოკუმენტზე დანიშნული ექსპერტიზები".

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯაცხის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ავტომობილს ამოწმებდნენ. შემოწმების პროცესში არც ერთი მხარე პროცედურის დეტალებზე არ საუბრობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები