
რუსული სამხედრო სწავლების დასკვნითი ფაზა ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება
14/09/2020 17:28:19 კონფლიქტები
სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“-ის აქტიური ფაზა 24-25 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის მონაწილეობით გაიმართება.
აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ვადიმ კამკიას განცხადებით,
წვრთნების განმავლობაში აფხაზეთს წარმოადგენს „სამხედრო-საჰაერო ძალები, სპეცდანიშნულებისა და მოტომსროლელთა შენაერთები“.
სწავლება 21-26 სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთის სამხედრო ოლქში გაიმართება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს.
სწავლება შავ და კასპიის ზღვებშიც არის დაგეგმილი.
სამხედრო წვრთნებში 80 ათასი ადამიანი მიღებს მონაწილეობას, მასში ჩართული იქნება 250 ტანკი და 450 სამხედრო მანქანა, 200-მდე საარტილერიო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
სწავლება ორ ეტაპად გაიმართება.