მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც კორონავირუსს სრულად ანეიტრალებს
15/09/2020 09:09:12 მსოფლიო
აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2. ცილას შეუძლია, კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს იგი.
"საქმე ეხება ცილოვან შენაერთს, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება", – ნათქვამია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტურობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის როგორც მკურნალობისას, ასევე დაავადების პრევენციისთვის თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი.
„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა მეცნიერმა ჯონ მელორსმა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 932 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 450 000–ზე მეტი ადამიანი, 21 282 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


