
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ორმაგი მკვლელობა მოხდა
15/09/2020 13:56:24 სამართალი
საქართველო-რუსეთის საზღვარზე – სასაზღვრო პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორმაგი მკვლელობა მოხდა.
როგორც შსს–ში აცხადებენ, ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.
ირკვევა, რომ მკვლელობებს წინ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შორის შელაპარაკება უძღოდა: საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა, თავად საქართველოს მოქალაქე კი – მოკლული რუსეთის მოქალაქის შვილმა. ამ დროისთვის სწორედ ეს უკანასკნელი – რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა. ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა“,– აცხადებენ შსს–ში.
პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.