
"აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს"
15/09/2020 13:02:14 ეკონომიკა
„აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს, საიდანაც აღსანიშნავია საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება", - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ბანკის მიერ რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის 2020 - ის შეფასებისას, სადაც ასევე მოცემულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი 2020 – 2021 წლებისთვის და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4,5%-ით გაიზრდება, ხოლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებს, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, სომხეთის მშპ 2021 წელს გაიზრდება 3,5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 1,2%-ით.