"სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს"

16-09-2020 09:49:57 მსოფლიო

სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

„მილიონობით ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ყველას გვსურს მათი სკოლაში დაბრუნება და ასევე გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სკოლები უსაფრთხოა", - განაცხადა ადჰანომ.

ცნობისთვის: 15 სექტემბრიდან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ზოგ ქალაქსა და სოფელში დისტანციურად. ონლაინ–რეჟიმში სწავლება დიდ ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ონლაინ-სწავლება შეეხება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პირველი ოქტომბრიდან სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი ქუთაისის 2 საჯარო სკოლასა და კახეთში, ერთ–ერთ სკოლაშია დადასტურებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები