დავით ბრაგვაძე -"ცხინვალი 1920-ის" შესახებ: ”ჩვენ არ ვქმნით კონტრპროპაგანდისტულ პროდუქტს, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ სიმართლეს"

16-09-2020 10:50:56 კონფლიქტები

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე, რომლის ინიციატივითაც "ცხინვალი 1920-ის" გადაღება გადაწყდა, ფილმის გარშემო საზოგადოების რეაქციას ეხმაურება. მისი თქმით, სეპარატისტული ძალების მხრიდან ფილმის დისკრედიტაციის მცდელობა ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

"ერთის მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, მეორე მხრივ, კი ცოტა მოულოდნელიც საზოგადოების ასეთი გამოხმაურება და აქტიურობა. ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა და ვიმედოვნებთ, რომ იმ დიდ მოლოდინებს, რომლებიც წინასწარ შექმნილია, არ გავუცრუებთ. ამ მოულოდნელობის შემდეგ კი სრულიად მოსალოდნელი გახლდათ, რომ სეპარატისტული მხარე ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. შესაბამისად, ფილმის ფეისბუქგვერდზე განხორციელებული ერთგვარი თავდასხმა ე.წ ტროლებისა და ბოტების მხრიდან იყო მათი კონტრქმედება​. ცხადია, ჩვენ მივყვებით იმ დასახულ მიზანს, რომელიც თავიდანვე გაცხადებული გახლდათ - ჩვენ არ ვქმნით კონტრპროპაგანდისტულ პროდუქტს, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ სიმართლეს, როგორც ქართველებს, ასევე ეთნიკურ ოსებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრები ეს ორი ეთნოსი ერთი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩილ ორ მხარეს წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ფილმი მოხსნის ყველა იმ გაურკვევლობას, რაც შეიძლება არსებობდეს 1920 წლის აჯანყების გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე მუშაობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისი წვლილიც არის ამ მნიშვნელოვან საქმეში. განსაკუთრებული მადლობა კი, რასაკვირველია, იმ ადამიანებს, რომელბმაც პრაქტიკულად სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს, რათა ფილმს სანდოობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი ჰქონოდა - წარმოუდგენლად მოკლე დროში საფუძვლიანად გამოიკვლიეს 1920 წლის მოვლენების ამსახველი ძალიან ვრცელი საარქივო მასალა და ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გახადეს ხელმისაწვდომი",- აცხადებს დავით ბრაგვაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები