რომიდან მილანში და პირიქით მიმავალ მგზავრებს დღეიდან კოვიდ–უარყოფითობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოუწევთ

16-09-2020 14:14:16 მსოფლიო

რომიდან მილანში და პირიქით მიმავალ მგზავრებს დღეიდან კოვიდ–უარყოფითობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოუწევთ.

რომიდან მილანში და პირიქით მგზავრობის მსურველებს თვითმფრინავში ასვლამდე აეროპორტში მოუწევთ ჩაიტარონ კორონავირუსის სწრაფი ტესტი ( ნერწყვის ნიმუშის აღება). მათ ამისთვის გამგზავრებამდე 72 საათი ეძლევათ.

"გვსურს, ვუზრუნველვყოთ, რომ ფრენები აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. ეს გადაწყვეტილება უდიდესი დახმარება იქნება ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის, სამომავლოდ აღნიშნულის განხორციელება საერთაშორისო მარშრუტებზეც გვსურს", – განაცხადა აღნიშნული ინიციატივის ავტორმა ლაციოს პრეზიდენტმა ნიკოლა ზინგარეტიმ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ევროპაში Covid-19-მა ყველაზე მეტად იტალია დააზარალა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 288 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-მა 35 633 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები