"ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ"

16-09-2020 14:33:26 საშინაო პოლიტიკა

„2007 წლის 7 ნოემბერს ტვ „იმედის“ ეთერში სპეცრაზმის შეჭრა იყო იმ პროცესების კულმინაცია, რაც მანამდე მიმდინარეობდა და ვითარდებოდა“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, "სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა დღეს ეს თემები არ იციან":

„მაშინდელი პრეზიდენტის მითითებით 1 საათში გადააყენეს ადამიანი, რომელიც არჩეული იყო და დაჭერით დაემუქრნენ მის მომხრეებს. მახსოვს, როცა ინტერვიუს ვაძლევდი, მაგალითად , ,,რუსთავი 2"-ს, ან საერთოდ არ უშვებდნენ ან ,,დაჩეხილს" უშვებდნენ. ვცდილობდი სიტყვები ისე დამელაგებინა, რომ ვერ ამოეჭრათ, ამიტომ საერთოდ აღარ უშვებდნენ ეთერში. ნიკა გვარამია მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. იმ ფანჩატურის ხალხი, რომელიც ახლა ერთად არიან, მაშინ მსჯავრდებულებად გამოაცხადეს. შალვა ნათელაშვილი ძებნაში იყო და რუსეთის აგენტად მონათლეს.

საზოგადოებაში იყო შიშის განცდა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, ჟურნალისტები არ მოეკლათ. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და შემდეგ გამოჩნდა კიდეც ეს.

მედია დღეს თავისუფალი ნამდვილად არის. ამას ვერავინ უარყოფს. ეს არის თავისუფლების ფასი, რომელსაც ვიხდით. ჩვენ შეგნებულად ვთქვით, რომ თავისუფლება არის უმთავრესი. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები