
შსს რაგბის კავშირში სროლისა და დაჭრის ფაქტს ადასტურებს
16/09/2020 10:48:25 სამართალი
შსს რაგბის კავშირში სროლისა და დაჭრის ფაქტს ადასტურებს.
როგორც "აქცენტს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119–ე (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) და 236–ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარება) მუხლებით დაიწყო.
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია „შვიდკაცას“ ნაკრების კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. არსებული ინფორმაციით, ხარაზიშვილი კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.
რამაზ ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
განახლება
ვეტერანი მორაგბის სანდრო საკანდელიძის ცნობით, სამი კვირაა, პროკურატურა რაგბის კავშირში ფინანურ საკითხებს იკვლევს.
"რაგბის კავშირი ფინანსურ კრიზისშია შეყვანილი: ისეთი მიმართულებაზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა...
ის მმართველობა, რაც აქ ბოლო 8 წელია, ჩვენთვის მიუღებელია. ამაზე შიგნიდან ვიბრძოდით, 5 წელი გარეთ არ გამოგვქონდა პრობლემები. ამან არ იმუშავა, როგორც ჩანს, შემდეგ მოგვიწია გარეთ გამოტანა.
3 კვირაა რაც პროკურატურაა შემოსული და იკვლევენ ფინანურ საკითხებს. პროკურატურა ყველაფერს უფრო კომპეტენტურად იტყვის", - განაცხადა საკანდელიძემ.
მისივე თქმით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი არ იყო ინიციატორი, რომ პროკურატურა შემოსულიყო რაგბის კავშირში.
რაც შეეხება რაგბის კავშირში მომხდარ სროლის ფაქტს, საკანდელიძის თქმით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია რაგბის კავშირის შენობაში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.
"არ ვიცი, დღეს რა მოხდა. კოვიდთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, ხარაზიშვილი აქ ყოველთვის დადის, რადგან საბჭოს წევრია. როგორც ვიცი, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს", -განაცხადა საკანდელიძემ.