
საფრანგეთის განათლების მინისტრი: "დაიკეტება ნებისმიერი სკოლა, რომელშიც Covid-19-ის 3–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, 81 უკვე დავხურეთ"
16/09/2020 11:11:14 მსოფლიო
საფრანგეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო 81 სკოლა დაიხურა.
"დაიკეტება ნებისმიერი სკოლა, რომელშიც Covid-19-ის 3–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, 81 უკვე დავხურეთ", – განაცხადა ქვეყნის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ.
მისივე თქმით, ბოლო 7 დღეში საფრანგეთის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 60 000 სკოლა მოქმედებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 10 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც საფრანგეთისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
უკანასკნელი მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 395 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-მა 30 999 ადამიანი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.