
ჭყონია – გვენეტაძეს პასუხობს: „დაცვას მიხედე, ხვედელიძე!“
16/09/2020 15:21:35 ეკონომიკა
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ბიზნესმენებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
„დაცვას მიხედე, ხვედელიძე! [მხატრული ფილმიდან „ფეოლა“] – ეროვნულ ვალუტას მიხედონ!“,– ურჩია გვენეტაძეს ჭყონიამ და აღნიშნა, რომ „რეალურად ჩვენ COVID-19 კი არა COVD-13 გვჭირს:
„2013 წლიდან ლარის დაღმავალ ტრენდს ვხედავთ – 100%–იანი გაუფასურება გვაქვს...
როდესაც ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაჭირვება მაღალ დონეზეა, მეორე–მესამე–მეოთხე კატეგორიის პროდუქციის რეალიზება საკმაოდ ჭირს, იმპორტიორს რა კურსი შეიძლება ჰქონოდა აღებული? – ბოლო 2–3 თვეა ლარი 3,03–3,07–ს შორს ტრიალებს. არაერთხელ განვაცხადე, რომ მაქსიმალური იყო 3,10 [ლარის კურსი დოლართან მიმართებაში], რომელიც იმპორტიორ და მწარმოებელ კომპანიებს ჰქონდათ აღებული, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 3, 6. შემდეგ უკვირთ, რატომ იზრდება ფასები, რატომაა ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი წლიდან წლამდე. იმიტომაა მაღალი, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სცდება იმპორტიორების მიერ გათვალისწინებულ ზედა ზღვარს და ისინიც იძულებულები არიან, ფასს გადახედონ, არა იმიტომ, რომ შემოსავალზე ფიქრობენ, არამედ, ფიქრობენ კომპანიის გადარჩენაზე“,– განაცხადა ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში.
16 ივლისს კობა გვენეტაძეს ბიზნესთან კომუნიკაციის შესახებ ჰკითხეს.
"გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს.
ჩვენ ფინანსურ განათლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და გვაქვს მოდული, სადაც ბიზნესმენებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ვახორციელებთ და ესეც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ზოგადად, ეს არის კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები და როდესაც მენეჯმენტს და ბიზნესს სწავლობენ, ეს პრინციპები პირველ კურსზე უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. ასე იქცევა მსოფლიოში ყველა კომპანია და კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს პრობლემას ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ვალუტის მერყეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საქართველოშია“, - განაცხადა კობა გვენატაძემ.
ერთი კვირაა, ლარი დრამატულად უფასურდება. სებ-მა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი 0,0001 თეთრით გამყარდა: 17 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7440 ლარი.