
მინისტრი: "არავის უნდა ჰგონებოდა, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდა"
16/09/2020 15:44:53 პოლიტიკა
აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ჰგონებოდა, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და ნიმუშების პასუხების მიღება 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„ტესტირებასთან დაკავშირებით დასახელებული იყო პრობლემები, ვინადიდან აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის რადიკალური ცვლილება და აღორძინება მოხდებოდა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკა, ამიტომ აქ საჭიროა პრაგმატულობა და სწორად დაგეგმილი ნაბიჯები.
სადღეისოდ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები აღმოფხვრილია, მათი ლოჯისტიკა შესაბამის ლაბორატორიებში მოხდება და აქ შევთანხმდით, რომ დაყოვნება ტესტის აღებასა და პასუხს შორის 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში და ხვალ დილისთვის ველოდებით შედეგს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
იხილეთ ასევე: COVID-19–ით ინფიცირებული ცოლ–ქმარი აცხადებს, რომ ორი დღეა, სასწრაფოს ელოდება
ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას აკრიტიკებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო კარანტინის პერიოდი COVID-19–თან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემის უკეთ მომზადებისთვის არ გამოიყენა, მით უფრო რომ შემოდგომის მეორე ახევრიდან სპეციალისტები კორონავირუსის მეორე ტალღას და ვირუსზე სხვა რესპირატორული დაავადებების ზედდებას ელოდებიან.