COVID-19–ით ინფიცირებული ცოლ–ქმარი აცხადებს, რომ ორი დღეა, სასწრაფოს ელოდება

16-09-2020 18:21:58 საზოგადოება

ბათუმში მცხოვრები არჩილ გოგუაძე აცხადებს, რომ COVID-19 დაუდასტურდა, თუმცა მეორე დღეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას უშედეგოდ ელოდება.

როგორც მოქალაქე ყვება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ტემპერატურა, მიიღო მედიკამენტები, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით COVID-19–ზე ტესტის ჩაბარება გადაწყვიტა.

„მითხრეს, რომ პასუხი ორ დღეში მოვიდოდა და მეოთხე დღეს დამირეკეს, მითხრეს, რომ ვირუსი დამიდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა ჩემს მეუღლესაც, თუმცა არც ერთს არ აღგვენიშნება არანაირი სიმპტომი... მითხრეს, რომ სასწრაფო მომაკითხავდა და კლინიკაში გადამიყვანდა. უკვე მეორე დღეა, ველოდები სასწრაფოს და არავინ მოსულა, გადაყვანაზე ზედმეტია ლაპარაკი, არც მოვუკითხივარ არავის. თავად დავრეკე და რომ მოვიკითხე ამბავი, მითხრეს, „შენით უნდა დაგერეკა და მოსულიყავიო“,– ყვება მოქალაქე.

გოგუაძე ამბობს, რომ მე–6 დღეა, თვითიზოლაცი იმყოფება და გარეთ გასვლას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არიდებს თავს, თუმცა მასთან ერთად ცხოვრობს მისი მცირეწლოვანი შვილიც, რომელსაც ტესტი არ აუღია და მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, ინფიცირებულია თუ არა ბავშვი.

თემასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ პაციენტები პრიორიტეტის მიხედვით გადაჰყავთ:

„დაყოვნება უწევთ პაციენტებს იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. სიმძიმის მიხედვით ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკებში“.

კითხვაზე, ამ გზით ხომ იზრდება კონტაქტში მყოფი პირების ინფიცირების რისკები, სასწრაფო დახმარების სამსახურში უპასუხეს, რომ უშუალოდ ეს საკითხი უშუალოდ მათ სამსახურს არ ეხება.

ამ ეტაპზე არ არის ძალაში შესული მთავრობის ინიციატივა, რომელიც კოვიდ 19-ით ინფიცირებულების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ პაციენტის გადაყვანის დრო არ არის გაიდლაინში დაზუსტებული. „იცით ალბათ ხომ როგორი მდგომარეობაა და გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობაც“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის: აჭარის რეგიონი „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში COVID-19–ის 144 შემთხვევა დადასტურდა.

განახლება

ჯანდაცვის მინისტრმ ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა, რომ აჭარაში პაციენტთა ნაწილი კლინიკაში გადაყვანას ელოდება.

გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ. ტრიაჟი და შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ სტაციონარსა და სასტუმროებში გადანაწილება. მაქვს თხოვნა, შეხვედრის დასრულებამდე, თქვენთან შეთანხმებით გამოვაცხადოთ მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს საშაულება, მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რათა განხორციელდეს ამ პაციენტების დროული დიაგნოსტირება და შემდეგ მათი საავადმყოფოში განთავსება. მინდა, პირველ ეტაპზე ეს საკითხი გადავჭრათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.