ბიბილოვი "გენპროკურორის" შეცვლაზე უარს აცხადებს და თანამდებობიდან გადადგომას არც თავად აპირებს

17-09-2020 11:53:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „პარლამენტს“ უარი განუცხადა, ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ადგილობრივ ტელეკომპანია „ირ“-თან ინტერვიუში ბიბილოვმა აღნიშნა, რომ "დეპუტატებს პასუხი 16 სექტემბერს გაუგზავნა.

"ჯაგაევის გათავისუფლების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა დამნაშავე დაისჯება", – განაცხადა ბიბილოვმა.

28 აგვისტოს 30 წლის ინალ ჯაბიევი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მისი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში ცემამ და წამებამ. ჯაბიევი დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დე ფაქტო პრეზიდენტი იძულებული გახდა „მთავრობა“ დაეთხოვა, თუმცა, აქციები არც ამის შემდეგ შემწყდარა. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა "დეპუტატებმა" და ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომაც მოითხოვეს. „პარლამენტის“ 25-მა წევრმა ბიბილოვს შესაბამისი მიმართვა 29 აგვისტოს გაუგზავნა.

ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეები ანატოლი ბიბილოვის თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვდნენ. ბიბილოვი აცხადებს, რომ "მის გადადგომას 500 ადამიანი მოითხოვს:

„მე პრეზიდენტად 500–ს ადამიანს არ ავურჩევივარ. პრეზიდენტი იქნება მანამ, სანამ არ დადგება მორიგი არჩევნები, რომელიც 2022 წელსაა დანიშნული“.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო დე ფაქტო შსს-ს 7 თანამშრომელია დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები