ავსტრიაში კადიროვის მოწინააღმდეგე ჩეჩენი ბლოგერი დააკავეს

17-09-2020 15:25:35 კავკასია

ავსტრიულმა პოლიციამ ვენაში ჩეჩენი ბლოგერი მურად ასლამხანოვი დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ბლოგერის უმცროსი ძმა – 29 წლის მუჰარბექიც.

როგორც Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტს ასლამხანოვის ახლობლებმა უამბეს, ძმებს იარაღის უკანონო ტარება ედებათ ბრალად. რამდენიმე დღით ადრე ისინი დაკითხვაზე დაიბარეს. პოლიციაში გაირკვა, რომ მათ თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა დაკითხვის შემდეგ ძმები გაათავისუფლეს.

16 სექტემბერს კი, დღისით პოლიციამ ასლამხანოვის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და ორივე ძმა დააკავა. უფროსს – 39 წლის მურადს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის – რამზან კადიროვის ევროპელი ნათესავების მიმართ მუქარაც წაუყენეს ბრალად. საუბარია ბლოგერის მიერ ერთ-ერთ ბოლო ვიდეორგოლში დაფიქსირებულ გამონათქვამებზე, რომლებიც რამზან კადიროვის, ასევე ჩეჩნური პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვისა და ვიცე-პრემიერ აბუზაიდა ვისმურადოვის ავსტრიაში მცხოვრებ ნათესავებს ეხებათ.

კადიროვისადმი ვიდეომიმართვაში ასლამხანოვი აცხადებდა, რომ თუ ჩეჩნეთში მის ნათესავებს შეეხებოდნენ, იგი კადიროველების ევროპაში მცხოვრები ნათესავების მიმართ იგივეს გააკეთებდა.

მურად ასლამხანოვი გასული წლის დეკემბერში, ავსტრიულ ციხეში ყოფნისას კადიროვისადმი ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი. მიმართვაში იგი ხისტი ფორმით აკრიტიკებდა ჩეჩნეთის მმართველსა და მის გარემოცვას.

ავსტრიის ხელისუფლება ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ასლამხანოვის დეპორტირებას გეგმავდა, თუმცა ბლოგერის ახლობლებისა და ნათესავების რეზონანსული პროტესტების შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება გადადეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩნეთში მურად ასლამხანოვის ნათესავების დაკავების შესახებ.

კადიროვისადმი თავის ვიდეომიმართვაში ასლამხანოვი შეურაცხმყოფელი ფორმით ყვებოდა იმის შესახებ, როგორ დევნიან და ამცირებენ კადიროვი და მისი გარემოცვა რესპუბლიკის მაცხოვრებლებს.მას შემდეგ, რაც ამასწინათ კარიდოვის კიდევ ერთი კრიტიკოსის – 19 წლის სალმან თეპსურკაევის საჯარო დამცირების ამსახველი ვიდეორგოლი გავრცელდა, ასლამხანოვმა იუთუბ-არხით ისევ მიმართა ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას მოწოდებით, რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მიმართ თვითნებობა შეეწყვიტათ.