მარია ზახაროვა: "სამხრეთ ოსეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, შედგა"

17-09-2020 18:28:20 კონფლიქტები

20 სექტემბერს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება "რესპუბლიკის დღეს" აღნიშნავს. როგორც ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, "სამხრეთ ოსეთმა სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რთული გზა განვლო და სადღეისოდ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, შემდგარია".

«გასული წლების განმავლობაში რესპუბლიკამ უდავოდ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს სახელმწიფო ორგანოების ფორმირების, ეკონომიკისა და სოციალური სფეროების განვითარების მიმართულებით. ამაზე მეტყველებს, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა ნების არაერთგზის თავისუფალი გამოხატვა სხვადასხვა დონის არჩევნებზე ხმის მიცემის დადგენილი დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის თითქმის ორმაგი ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში და სხვა მაჩვენებლები. რუსეთის აქტიური მხარდაჭერით აღდგენილია და აშენებულია მრავალი ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის – ისინი, რომლებიც საქართველოს მხრიდან აგრესიის შედეგად განადგურდა» - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე მტკიცებით, “რუსეთი აქტიურად ეხმარება სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციის გამყარებასა და საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებაში”.

«დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუას, ვენესუელის, ნაურუს, ტუვალუსა და სირიის გარდა, რომლებმაც სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარეს, იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც ობიექტური დამოკიდებულება აქვთ ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის მიმართ, სამომავლოდაც თანმიმდევრულად გაფართოვდება” – დასძინა ზახაროვამ.

ცხინვალის რეგიონმა ე.წ. დამოუკიდებლობა 1992 წლის 29 მაისს გამოაცხადა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი არაღიარებული რესპულიკის სტატუსით სარგებლობდა. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირეუბოი რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოსკოვისვე ხელდასმით შემდგომში იგი აღიარეს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ, ვანუატუმ და სირიამ, თუმცა კიდევ მოგვიანებით ტუვალუმ და ვანუატუმ ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვიეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები