COVID-19: აფხაზეთში შეზღუდვები 5 ოქტომბრიდან ამოქმედდება

18-09-2020 12:42:38 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ოქტომბრიდან საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

მისი პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მასობრივი სადღესასწაულო, სპორტული, გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება, ასევე ქორწილები აიკრძალება. რაც შეეხება სამგლოვიარო ცერემონიებს, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძლევა რეკომენდაციას, დამსწრეთა რაოდენობა მაქსიმალურად შეიზღუდოს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შიდა სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები დაუწესდებათ სოციალური დისტანციის პრინციპის დაცვის მიმართულებით, მომსახურე პერსონალისთვის კი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება გახდება სავალდებულო.

ეს ვალდებულება გავცელდება სასურსათო და სხვა ტიპის მაღაზიების, ასევე სასოფლო-სამეურნეო ბაზრებისა და ბაზრობების მიმართ, რომელთა მფლობელებს ასევე სივრცისა და მასში არსებული ობიექტების ყოველდღიური დეზინფიცირების ვალდებულება დაეკისრებათ.

ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციებს კი მოეთხოვებათ, უზრუნველჰყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონების პროფილაქტიკური სადეზინფექციო დამუშავება და მძღოლების უზრუნველყოფა ინდდაცვის საშუალებებით.

ანალოგიური მოთხოვნები შეეხებათ თეატრების, მუზეუმების, კულტურული ცენტრების, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეების ადმინისტრაციებს.

გარდა ამისა, ბჟანიამ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, 15 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებებში იზოლირებული სივრცეების გამოყოფა კოვიდ-ინფიცირებულთა განსათავსებლად, ასევე საორგანიზაციო-ტექნიკური სამუშაოების დასრულება გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ჟანგბადის ცენტრალიზებული მიწოდებისთვის.

დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს დაევალა, გამოჰყოს სახსრები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომელთა საშტატო რაოდენობის 8-მდე გასაზრდელად, ასევე სპეცაღჭურვილობისა და სამედიცინო კვლევების რაოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი სახარჯო მასალების შესაძენად.

დე ფაქტო განათლების სამინისტროს კი დაეკისრა ვალდებულება, მუდმივად უზრუნველჰყოს სასწავლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

სადღეისოდ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 782 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 226 პაციენტი, გარდაიცვალა 7.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები