"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის აღსადგენად მზად ვართ, მაგრამ არა ძველი სახით"

18-09-2020 15:33:40 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრების აღსადგენად "თეორიულად მზად არის, მაგრამ არა ძველი სახით". ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ "Эхо Кавказа"-სთვის მიცემულ ინერვიუში განაცხადა.

"თავის დროზე ჩვენ არაერთგზის განვმარტეთ, რის გამო შეჩერდა ჩვენი ინიციატივით ამ ფორმატის შეხვედრები და ისინი ამ დრომდე შეჩერებული რჩება. ამასობაში სხვადასხვა საზღვრისპირა საკითხების გადასაჭრელად, თუკი ჩვენი კომპეტენტური ორგანოები მოგვმართავენ, ვიყენებთ "ცხელ ხაზს", რომელსაც ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ინციდენტების პრევენციაა და მათზე რეაგირება საკმაოდ სასარგებლო ფორმატია, მაგრამ არსებობს გარკვეული დეტალები, რომელთა იგნორირება არ გამოვა. იმ სახით, რომლითაც ეს ფორმატი ადრე მოქმედებდა, იგი აღარ იფუნქციონირებს. ჩვენ თეორიულად მზად ვართ ამ შეხვედრების აღსადგენად და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე ყველა მხარეს ამ თემაზე ჩვენი წინადადებებიც გავაცანით. თუკი ჟენევაში მიღებული იქნება კონსოლიდირებული გადაწყვეტილება ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, მზად ვართ, ფორმატის აღდგენაზე დავიწყოთ საუბარი” – განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ეს ფორმატი უფრო სასარგებლო გახდეს, ის “მცირედით უნდა შეიცვალოს”.

“ამ ფორმატს არსებობის მთელი დროის განმავლობაში კონკრეტული დღის წესრიგი ჰქონდა, რომელიც რაუნდიდან რაუნდამდე მეორდებოდა. ჩვენ გვსურს, ეს დასრულდეს, რადგან ამ სახით ამ შეხვედრებს უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე პრაგმატული. ანუ, ჩვენ ამ ფორმატისთვის მეტი პრაგმატიზმის შეძება გვსურს” – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები