
სააპელაციო სასამართლოსთან 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
24/06/2019 08:00:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
როგორც იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ გუშინ 5 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა, მათი უდანაშაულოდ ცნობა არ მომხდარა.
„სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა გუშინ რამდენიმე ადამიანი კი გათავისფლდა სააპელაციოდან მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ისინი არ გამართლებულან. საქართველოს სახელით ამ ადამიანებს კვლავ ჰქვიათ სამართალდამრღვევი უბრალოდ მოსამართლემ თქვა გეყოფათ ციხეში ჯდომა. ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის მართლმსაჯულების იდეა. მართლმსაჯულების იდეა არის ის რომ სასამართლომ აკონტროლოს ხელოსუფლების გადადგმული ნაბიჯები და როდესაც ის გადასცდება წითელ ხაზს აჩვენოს წითელი ბარათი. ამის თავი დღეს სასამართლოს არ აქვს იმიტომ რომ არის მართული და 20-21 ივნისის საქმეების განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა. შსს–ს ინფორმაციით, 20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 305 პირი.