ამირან გამყრელიძე:"აქტიურად ვეხმარებით აფხაზეთის რეგიონს"

18-09-2020 17:32:11 კონფლიქტები

მიუხედავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე COVID-19–ის შემთხვევების ზრდისა, მთავრობა არ ცვლის მზაობას, მიიღოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პაციენტები. აღნიშნული ეხება როგორც კორონავირუსით ინფიცირებულებს, ისე სხვა სამედიცინო საჭიროების მქონეებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

„გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც ხუთი ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან ოთხი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფი. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს და თუ იქ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება, ისინი სწრაფად გადმოგვყავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთია დღეს ოთხი ავადმყოფი, რომელიც ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. კიდევ რვა პაციენტი ასევე კრიტიკულია, თუმცა ისინი გახლავთ ჟანგბადდამოკიდებული. ზოგადად მძიმეა 70-მდე ადამიანი, დანარჩენი კი, მსუბუქი, საშუალო და უსიმპტომო პაციენტები არიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ქეთი ბაკარაძე განმარტავს, რომ პაციენტები კლინიკებში საჭიროების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ნაწილდებიან.

„რამდენიმე კლინიკამ ისევ შეიცვალა პროფილი – დაემატა საწოლები და ქვეყანაში პაციენტების მისაღებად გაცილებით მეტი რესურსი გაჩნდა. პრეცედენტი, რომ მიღებაზე უარი გვეთქვა პაციენტისთვის, არ გვაქვს. ჩვენ ყველა პაციენტის მიღების მზაობა გვაქვს და არის რესურსიც“,– ამბობს „აქცეტთან“ ბაკარაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები