ფლობს თუ არა თემურ უგულავა ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტს? - "აჭარა ჯგუფში" ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება

19-09-2020 19:25:44 ეკონომიკა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს არავითარი კავშირი არ აქვთ ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია. რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის ამ პროექტში მონაწილეობას, გვინდა, განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში იგი საკუთარი სურვილით დატოვეს. არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს მათ საქმიანობა. ასევე არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით “ტვ პირველს”, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს" - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

"აქცენტი" ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებიან. ამ ეტაპზე კომპანიაში კომენტარი არ კეთდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები