"დღეს ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ"

21-09-2020 21:16:51 სამართალი

გაურკვევლ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

„ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია", - განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩემ მიერ წარდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა".

რაც შეეხება მის მიერ გამოძიებისთვის სატელიტური ფოტოს მიწოდების საკითხს, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის გამოძიების კითხვებზე პასუხს გასცემს და ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები