რუსეთის მასშტაბურმა სამხედრო წვრთნებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც მოიცვა

22-09-2020 13:46:58 კონფლიქტები ,თავდაცვა

რუსეთის სტრატეგიული სამხედრო სწავლება „კავკასია 2020“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მიმდინარეობს. წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე, ხოლო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ძარცემის პოლიგონზე იმართება.

"სწავლებაში რუს სამხედროებთან ერთად მონაწილეობენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის სამხრეთში „კავკასია 2020“ 21 სექტემბერს დაიწყო. სწავლება, რომელიც 26 სექტემბერს დასრულდება, შავ და კასპიის ზღვებსაც მოიცავს. წვრთნებში 80 000–მდე სამხედრო პირი, მათ შორის ეროვნული გვარდიის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური დანაყოფებიც მონაწილეობს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობისთვის მიწვეულია სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმის და პაკისტანის 1000–მდე სამხედრო მოსამსახურე.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ რეგიონებში მდებარე პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 250-მდე ტანკი, 450-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 200-მდე საარტილერიო და რეაქტიული სისტემა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებისას დამუშავდება რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოთა კოალიციის ძალების გამოყენების საკითხები.

დამკვირვებლებად მიწვეულნი არიან აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და შრი-ლანკის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები